top of page
Search

როცა მოზარდს ფსიქოლოგთან მისვლა არ სურს

  • Writer: ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი
    ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი
  • Feb 23, 2021
  • 4 min read

Updated: Mar 10, 2021


ზოგიერთი მოზარდისთვის ფსიქოლოგის ვიზიტებზე სიარული სახალისოა, მათ მოსწონთ, როდესაც ზრდასრული ადამიანი სირთულეების გადალახვაში ეხმარებათ. თუმცა, ყველა მოზარდი ფსიქოლოგთან სიარულის სურვილს არ გამოხატავს ხოლმე.. შესაძლოა, აღმზრდელებს უჩნდებოდეთ შეკითხვები: „შვილს ფსიქოლოგთან ვიზიტი უნდა დავაძალო?“, “რადგანაც უარზეა, ფსიქოლოგთან თერაპიაზე მისვლის იდეა ხომ არ დავივიწყო?“.

მოზარდის თერაპევტთან/კონსულტანტთან დაძალებით მიყვანა ეფექტური არ არის. წარმოიდგინეთ, თქვენთვის რამდენად კომფორტული იქნებოდა იმ ადამიანთან საუბარი, რომელთან კომუნიკაციის სურვილი არ გაქვთ? ასეთ შემთხვევაში, მოზარდს ცვლილებებზე მუშაობის არანაირი მოტივაცია არ აქვს. შესაძლოა, თერაპევტთან გულწრფელად არც ისაუბროს.

თუმცა, ზოგ შემთხვევაში მოზარდის სურვილის საწინააღმდეგოდ მოქცევა აუცილებელია. თუ თქვენი შვილი გარშემომყოფებს ზიანს აყენებს, მიმართავს სარისკო ქცევებს, როგორებიცაა თვითდაზიანება, ალკოჰოლის, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, საფრთხის შემცველ სექსუალურ ურთიერთობებში ჩართულობა, დევიაციური ქცევა, ასეთ დროს, სჯობს, დროულად მიმართოთ სპეციალისტს.

მოზარდთან ფსიქოთერაპევტთან ვიზიტზე საკითხის წამოჭრა

თუ ფიქრობთ, რომ თქვენს შვილს ფსიქოლოგთნ ვიზიტი სჭირდება, აღნიშნულ საკითხზე საუბარი საკმაოდ ფრთხილად უნდა წამოჭრათ. მოზარდებს შესაძლოა, უჭირდეთ დახმარების თხოვნა. მნიშვნელოვანია, აღმზრდელების საუბარი მოზარდს სირცხვილის გამომწვევ შეტყობინებას არ უგზავნიდეს. არ აგრძნობინოთ მას, რომ საკუთარი ძალებით უჭირს სირთულეების გადაჭრა, ან საკმარისად ჭკვიანი არ არის იმისათვის, რომ სწორი არჩევანი გააკეთოს. ამის სანაცვლოდ გაუზიარეთ თუ რატომ არის კონსულტაცია/ფსიქოთერაპია მნიშვნელოვანი. შვილს სთხოვეთ გამოხატოს საკუთარი აზრი და თქვენც ყურადღებით მოუსმინეთ მას.

შეგიძლიათ, უთხრათ: „ეგებ აჯობოს ჩემს გარდა სხვა ადამიანსაც გაესაუბრო.“, „მე ყოველთვის არ ვიცი როგორ დაგეხმარო კონკრეტული სირთულეების გადალახვაში, იქნებ, დაელაპარაკო ისეთ ადამიანს, რომელსაც მოზარდებთან მუშაობის გამოცდილება აქვს.“

თუ თქვენ გივლიათ თერაპიაზე, შეგიძლიათ, ამის შესახებ შვილს მოუყვეთ, ამ გზით თერაპიაზე სიარულის ნორმალიზებას მოახდენთ და სტიგმას შეამსუბუქებთ.

თუ მოზარდი უარს აცხადებს თერაპიაზე წასვლაზე, შეგიძლიათ რამდენიმე გზას მიმართოთ:

„მე თერაპიაზე სიარული არ მჭირდება“ - იმის გაგებამ თუ რა მიზეზით არ სურს მოზარდს ფსიქოთერაპიაზე სიარული, შესაძლოა სწორი გზა დაგანახოთ და შეძლოთ, შვილს აზრის შეცვლისკენ უბიძგოთ. მოზარდების უმეტესობა ამბობს, რომ მას არაფერი სჭირს, რომ თერაპია არ სჭირდებათ. მოზარდისთვის უსიამოვნოა იმის გააზრება, რომ არასწორ არჩევანს აკეთებს, რაღაც რიგზე არ არის მის ცხოვრებაში. ამ ასაკში ყალიბდება იდენტობა - თუ მოზარდი იგრძნობს, რომ მას აკრიტიკებენ, კიცხავენ, მშობლების მოსაზრებას, რჩევას ნაკლებად მოისმენს და გაითვალისწინებს. მშობლებს, აღნიშნული სირთულის დაძლევაში, მოზარდობის ასაკის მახასიათებლების გათვალისწინება დაეხმარებათ.

უთხარით თქვენს შვილს, რომ თერაპიაზე ადამიანს შეუძლია სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე ისაუბროს, მაგალითად სტრესის გამომწვევ საკითხებზე, რომლებიც მოზარდს ყოველდღიურად ხვდება. დაარწმუნეთ, რომ მას არავინ გაკიცხავს, ფსიქოთერაპევტი არ ეცდება მის შეცვლას ან გაკრიტიკებას ნებისმიერი მახასიათებლის თუ ქცევის გამო.

„ეს უსამართლობაა“ - აუხსენით შვილს, რომ თერაპია სასჯელი არ არის. შეგიძლიათ ფსიქოთერაპიის პროცესი პოზიტიური მხრიდან დაანახოთ.

უთხარით თქვენს შვილს, რომ ფსიქოთერაპევტი ეცდება, უკეთ გაიცნოს, ის. ასევე ფსიქოლოგი მიიღებს და დააფასებს მას ისეთს, როგორიც არის. დაარწმუნეთ, რომ მისი პიროვნებითა და მიღწევებით ამაყობთ იმის ნაცვლად, რომ იმ პრობლემებზე ფოკუსირდეთ, რომლის საფუძველზეც მოზარდს ფსიქოთერაპიაზე წასვლას ურჩევთ.

„ეს არავის საქმე არ არის“ - კონფიდენციალურობა უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანი საკითხია, მათ შორის - მოზარდისთვისაც. ის ზოგჯერ ფსიქოთერაპიაზე წასვლაზე უარს ამბობს, რადგან არ სურს, რომ მშობლებმა მისი ცხოვრების შესახებ ყველაფერი გაიგონ. მოზარდი ფიქრობს, რომ თერაპევტი და მშობელი მისგან დამოუკიდებლად საუბრობენ და მოზარდს განიხილავენ. ამ ასაკის ადამიანები ხშირად ამბობენ: „რატომ უნდა მჭირდებოდეს ფსიქოთერაპევტთან სიარული? მეგობრები მყავს, რომლებსაც დაველაპარაკები“ ან „მე უკეთ ვგრძნობ თავს , როდესაც, უცხო ადამიანის ნაცვლად, მეგობრებს ვესაუბრები“.

თქვენს შვილს აუხსენით, რომ თერაპევტთან საუბარი კონფიდენციალურია და მათ შორის დარჩება ყველაფერი, რასაც მოზარდი ეტყვის, თერაპევტი მის წინააღმდეგ მოქმედებას არ დაიწყებს, პირიქით მხარს დაუჭერს. უთხარით, რომ გესმით, რამდენად მნიშვნელოვანია ჰყავდეს მეგობრები, რომ არ უზღუდავთ მეგობრებთან საუბარს. მოზარდს მიეცით პოზიტიური უკუკავშირი, როდესაც ამჩნევთ, რომ სოციალურ ურთიერთობებშია ჩართული. დაარწმუნეთ, თერაპიაზე მისვლა მეგობრების დაკარგვას არ ნიშნავს, პირიქით, შესაძლოა, მეტი მეგობარიც შეიძინოს. Აამას გარდა, სასურველია აუხსნათ, ვინ არის ფსიქოთერაპევტი, რით განსხვავდება მასთან საუბარი მეგობრებთან ლაპარაკისგან და როგორი პროცესია ფსიქოთერაპია.

თუკი მოზარდი მაინც უარზეა, საკუთარი თავისთვის მოიძიეთ კონსულტანტი: სწორად დაგეგმილი მშობლობის სტრატეგიები ხშირად ეფექტური გზაა მოზარდის დასახმარებლად. ფსიქოლოგს შეუძლია, გასწავლოთ, როგორ მიუდგეთ მოზარდს. Და თუ თქვენს შვილს ეცოდინება, რომ თავად დადიხართ ვიზიტებზე სპეციალისტთან შესაძლოა, დაინტერესდეს კიდეც თუ რაზე საუბრობთ და როგორ მიმდინარეობს შეხვედრები.

შეუთანხმდით მოზარდთს: თუკი თქვენი შემთხვევა არცთუ ისე რთულია და სასწრაფო ჩარევას არ საჭიროებს, შეგიძლიათ, მოზარდს შეუთანხმდეთ, უთხარით მას რომ რამდენიმე სესიაზე მივიდეს და შემდგომ გადაწყვიტოს გააგრძელებს თუ არა სიარულს.


გახსოვდეთ ვირტუალური კონსულტაციის არსებობის შესახებ: ზოგჯერ მოზარდებს ფსიქოთერაპევტთან პირისპირ საუბარი არ სურთ და ინტერნეტის საშუალებით გასაუბრებაზე დათანხმება უფრო იოლი აღმოჩნდება ხოლმე. ვირტუალური ფსიქოთერაპია ყველა მდგომარეობასთან სამუშაოდ ეფექტური არ არის. მნიშვნელოვანია, აღნიშნულის შესახებ სპეციალისტს ესაუბროთ.

ქვემოთ მოცემული ტექსტი შეგიძლიათ გამოიყენოთ მოზარდთან ფსიქოთერაპიის საკითხზე საუბრის წამოჭრისას, თუმცა თითოეული მოზარდის შემთხვევა ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს და, უმჯობესია, მშობელი წინასწარ დაფიქრდეს თუ როგორ შესთავაზებს შვილს სპეციალისტთან ვიზიტს ისე, რომ მოზარდი დათანხმდეს. უმჯობესია, ფრთხილად მიაწოდოთ ინფორმაცია იმ სირთულეებზე, რომელთა გამოც თვლით, რომ ფსიქოთერაპიაზე წასვლა მნიშვნელოვანია.

„ფსიქოთერაპიაზე შენ შეძლებ თერაპევტს ნებისმიერ თემაზე ესაუბრო. ადამიანები ფსიქოთერაპიაზე დადიან, როდესაც სურთ ვინმეს მხარდაჭერით მოაგვარონ სირთულეები. არის საკითხები, რომლებზეც მუშაობა სპეციალისტთან ერთად აუცილებელია, მაგალითად, სკოლაში არსებული სირთულეები, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული თემები, ემოციები და ა.შ. თერაპიის პროცესში შესაძლებელია, მოზარდმა გააუმჯობესოს კონკრეტული უნარები, რომლებიც სტრესორების ადაპტურად გადალახვაში დაეხმარება, მაგალითად, ისწავლის ასერტულობას, რაც ნიშნავს საკუთარი აზრის თამამად გამოხატვას ისე, რომ სხვას შეურაცხყოფა არ მიაყენოს. ადამიანებს ვინმესთან გულახდილი საუბარი, ემოციების გამოხატვა გვჭირდება იმისათვის, რომ სტრესს უკეთ გავუმკლავდეთ, როგორც იცი, სტრესორები თითქმის ყველგანაა და ხშირადაც გვხვდება. როდესაც ასე ვიქცევით, თავს უკეთ ვგრძნობთ ხოლმე. დაგეხმარება, უკეთ გააცნობიერო საკუთარი ძლიერი მხარეები. ფსიქოთერაპიაზე საუბრობ ფსიქოთერაპევტთან, რომელსაც ფსიქოლოგის განათლება აქვს, მას შეუძლია, უპირობოდ მიიღოს ადამიანები. თავდაპირველად თერაპევტი დაგისვამს რამდენიმე შეკითხვას იმისათვის, რომ მეტი გაიგოს შენზე. რასაც ეტყვი, მხოლოდ თქვენს შორის დარჩება, მას არ აქვს უფლება შენი მონაყოლი სხვებს გაუზიაროს, თუნდაც მე. მასთან კომუნიკაცია კონფიდენციალურია, რაზეც თერაპევტები ყოველთვის უსვამენ ხაზს. თერაპიის პროცესში თქვენ ისაუბრებთ ემოციებზე, მოსაზრებებზე, რაც ადამიანებს ეხმარებათ მიიღონ და გაუგონ საკუთარ თავს. შესაძლოა, მიმართოთ სხვადასხვა საინტერესო აქტივობას. ის მოგაწვდის ინფორმაციას ემოციებზე, სტრესის დაძლევის, შიშებთან გამკლავების სტრატეგიებზე. თქვენ ისაუბრებთ იმაზე თუ რა სახის სირთულეები ვლინდება შინ თუ სკოლაში ან ნებისმიერ სხვა ადგილას. იმსჯელებთ იმაზე თუ როგორ გადალახოთ ეს სირთულეები.

ფსიქოთერაპიის სესიების რაოდენობა ინდივიდუალურია, იმაზეა დამოკიდებული თუ რა დაიგეგმება. როგორც წესი, თერაპია კვირაში ერთხელ მიმდინარეობს.“

გახსოვდეთ, თუ მოზარდი დაგთანხმდათ ფსიქოთერაპიაზე წასვლაზე, თქვენ წარმატებისთვის მიგიღწევიათ. მოზარდების უმეტესობის ქცევა იმაზე მეტს ამბობს ვიდრე თავად სიტყვებია, თუ თქვენი შვილი განაგრძობს თერაპიაზე სიარულს ეს უკვე ბევრს ნიშნავს. მოზარდის მდგომარეობის გაუმჯობესებასაც თანდათანობით შეამჩნევთ.




წყარო

1. https://counselingforall.org/sites/default/files/educational-resources/convincing-your-teen-to-see-a-therapist.pdf?fbclid=IwAR2sX9B1A9yAYREBd-QardPFaQcgF35PyRmJ9UInfYgpPzNXECWw6SJQMVU

2. https://www.verywellmind.com/what-to-do-if-your-teen-refuses-to-go-to-counseling-2610463

3. https://kidshealth.org/en/teens/therapist.html?fbclid=IwAR0hGAsRlbF7wvKzAlNC7I6qRYS5mN5mkNgvgCExq6EGZjUPoclDJM_KPWM#catfeelings







 
 
 

Comments


Post: Blog2_Post

©2021 by ფსიქიკური ჯანმრთელობა. 

bottom of page